ჯონდი ბაღათურია - 2009 წელს სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე, საიდანაც გამამართლებელი განაჩენი დადგა 18 საქმეზე, „ტროიკების“ დროს, ათ პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0.001 პროცენტია
ჯონდი ბაღათურია - 2009 წელს სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე, საიდანაც გამამართლებელი განაჩენი დადგა 18 საქმეზე, „ტროიკების“ დროს, ათ პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0.001 პროცენტია

2009 წელს სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე. 18 354 საქმიდან, გამამართლებელი განაჩენი დადგა 18 საქმეზე, „ტროიკების“ დროს ათ პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0.001 პროცენტია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც 2008–2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ბაღათურიას თქმით, „იმავე წელს, 14 000 პირთან დაიდო საპროცესო შეთანხმება, 14 000 ოჯახი გაატყავეს“.

„90-იან წლებში ყაჩაღები წაიყვანდნენ ოჯახის წევრს და შემდეგ გამოსასყიდს ითხოვდნენ. ჩვეულებრივად, „ნაცმოძრაობის“ დროსაც დააკავებდნენ, წაიყვანდნენ, უბრალოდ არ სჭირდებოდათ სარდაფში დამალვა და მერე გამოსასყიდს ითხოვდნენ. იურიდიულ კომიტეტში იქნება უზენაესი სასამართლოს 2009 წლის ანგარიში, კუბლაშვილის ხელმოწერილი. ალბათ ეგონათ, რომ არ წავიკითხავდი. მე ვკითხულობდი და 2009 წელს ბევრი საქმე აღარ მიდიოდა სასამართლომდე, მანამდე იხდიდნენ „ჭკვიანი ბიჭები“. ჭკვიან ბიჭებად ითვლებოდნენ ადამიანები, ვინც სასწრაფოდ იხდიდა. სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე. როგორ ფიქრობთ, 18 354 საქმიდან, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა? – 18. „ტროიკების“ დროს ათ პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0,001 პროცენტია, კუბლაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტია, მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის. იმავე წელს, 14 000 პირთან დაიდო საპროცესო შეთანხმება, ანუ 14 000 ოჯახი გაატყავეს. როგორ ხდებოდა საპროცესო შეთანხმებების დადება? ადამიანს, რომელსაც ფული არ ჰქონდა, მათივე ბანკები ან მათივე სამევახშეო ორგანიზაციები ბინას ადებდნენ ყადაღას, ჩაადებინებდნენ ბინას და ყიდულობდა თავისუფლებას“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.