ჯონათან სთოუნმენი - შთამბეჭდავია ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე გაკეთებული აქვს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ ნამდვილად საზოგადოების კუთვნილება გამხდარიყო
ჯონათან სთოუნმენი - შთამბეჭდავია ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე გაკეთებული აქვს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ ნამდვილად საზოგადოების კუთვნილება გამხდარიყო

შთამბეჭდავია ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე გაკეთებული აქვს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დაშორებოდა სამთავრობო გავლენების ერას და ნამდვილად საზოგადოების კუთვნილება გამხდარიყო, – ამის შესახებ „ბიბისის“ ტრენერმა, ჯონათან სთოუნმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ტრენინგის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტრენინგის ფარგლებში სარედაქციო პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა, რომლის პრინციპების დიდ ნაწილს, სთოუნმენის განცხადებით, საქართველოს პირველი არხი ისედაც იცავდა.

„ჩემთვის ეს ექსტრაორდინარული გამოცდილება იყო. დისტანციურად სემინარი მანამდე არასდროს ჩამიტარებია. შთამბეჭდავია ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე გაკეთებული აქვს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დაშორებოდა სამთავრობო გავლენების ერას და ნამდვილად საზოგადოების კუთვნილება გამხდარიყო, ნამდვილი ევროპული პრაქტიკის მიხედვით. შთამბეჭდავი იყო ჟურნალისტთა ინტერესიც და კიდევ უფრო მეტის მიღწევის სურვილი. რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც შევიმუშავეთ, ვფიქრობ, ამ პრინციპების დიდ ნაწილს საქართველოს პირველი არხი ისედაც მისდევდა. უბრალოდ, იმ ქვეყნებში, სადაც მაუწყებლებს, ეს პრინციპები დოკუმენტად აქვთ გაწერილი, ყველამ იცის, რა თამაშის წესებით მოქმედებენ ისინი. თუ ვინმე ამბობს, რომ არ მოსწონს რომელიღაც რეპორტაჟი ან ის რაიმე წესს არღვევს, ყოველთვის გაქვს დოკუმენტი, რომელიც შეგიძლია მოიშველიო და იკითხო, აბა, მაჩვენე, რომელი წესი დავარღვიე. აქ არის ჩვენი წესები და ჩვენ ამ წესებს მივყვებით, ანუ მაყურებელმა ყოველთვის იცის, რას რის მიხედვით აკეთებ და თუ კრიტიკაა საჭირო, რის მიხედვით უნდა გაგაკრიტიკონ“, – განაცხადა ჯონათან სთოუნმენმა.

საქართველოს პირველმა არხმა წინასაარჩევნოდ ჟურნალისტები გადაამზადა. ტრენინგები „ბიბისის“ ტრენერმა ჯონათან სთოუნმენმა დისტანციურ რეჟიმში ჩაატარა.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, სიზუსტე, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება.

ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში BBC-ის ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორისა და მკვლევრის პოზიციებს იკავებდა, საბოლოოდ კი BBC World Service-ის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი გახდა. ამჟამად სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანია Stonepeople Media-ს მართავს.