ჯონ ვოლი მიიჩნევს, რომ სეზონის განახლება უსაფრთხო არ არის
ჯონ ვოლი მიიჩნევს, რომ სეზონის განახლება უსაფრთხო არ არის

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი 30 ივლისს, ორლანდოში განახლდება. ახალი ფორმატის მიხედვით, ასპარეზობაში 22 გუნდი ჩაერთვება. რეგულარულში სულ 8 შეხვედრა შედგება, რის შემდეგაც პლეი ოფების სერია დაიწყება.

როგორც ცნობილია, სეზონის განახლების წინააღმდეგი ლიგის რამდენიმე კალათბურთელია, მათ შორის არიან კაირი ირვინგი და ევერი ბრედლი.

„ვაშინგტონის“ ერთ-ერთი ლიდერი ჯონ ვოლი ნებისმიერ შემთხვევაში განახლებულ სეზონზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ვიზარდსის“ გამთამაშებელი ამ დრომდე კოჭის ტრავმას მკურნალობს. ვოლმა ლიგის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თავისი აზრი NBC Sports-თან მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა.

„პირადად მე ვთვლი, რომ ახლა სეზონის განახლება უსაფრთხო არ არის. რა თქმა უნდა, მესმის თუ რატომ სურთ სეზონის განახლება, თუმცა მე ამის წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება კაირი ირვინგის პროტესტს, მე ძალიან კარგად მესმის მისი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კალათბურთელი ირვინგის აზრზეა. ამჟამად, ქვეყანაში პროტესტებია და შესაძლოა, კალათბურთის დაბრუნებამ ცუდად იმოქმედოს საპროტესტო ტალღაზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ სამართლიანობას და ცვლილებებს მივაღწიოთ, ამან კი შესაძლოა შეაფერხოს ეს პროცესი“, – განაცხადა ვოლმა.