ჯონ ლენონის მკვლელი შეწყალების კომისიის წინაშე მეათედ წარდგება
ჯონ ლენონის მკვლელი შეწყალების კომისიის წინაშე მეათედ წარდგება

ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის მკვლელი მარკ ჩეპმენი 20 აგვისტოს შეწყალების კომისიის წინაშე მეათედ წარდგება. ინფორმაციას ამის შესახებ new york daily ავრცელებს.

1980 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:50-ზე, როდესაც ლენონი და იოკო ონო დაკოტაში მდებარე ბინაში ბრუნდებოდნენ, სადარბაზოსთან მარკ დევიდ ჩეპმენი დახვდათ. მან ჯონს ოთხჯერ ესროლა ზურგში. ლენონი რუზველტის ჰოსპიტალის რეანიმაციაში 23:07 სთ-ზე გარდაიცვალა.

მანამდე ლენონმა ჩეპმენის მიერ მიწოდებულ Double Fantasy-ზე ავტოგრაფი დატოვა.

მეორე დღეს ონომ განცხადება გაავრცელა, რომ ჯონის დასაფლავება არ გაიმართება.

„ჯონს უყვარდა ადამიანები და მათთვის ლოცულობდა. გთხოვთ, მისთვისაც ილოცოთ.“-განაცხადა იოკომ.

„ბითლზის” ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან შეწყალება ცხრაჯერ ითხოვა, თუმცა, ცხრაჯერვე უარი მიიღო. შეწყალების კომისიისთვის მიმართვა მარკს ორ წელიწადში ერთხელ შეუძლია.

20 აგვისტოს 63 წლის მარკ ჩეპმენი შეწყალების კომისიის წინაშე უკვე მეათედ წარდგება.

ლენონის ქვრივი, იოკო ონო მისი გათავისუფლების წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ჩეპმენი ჩადენილ დანაშაულს არ ნანობს და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.