ჯონ კირბი - რუსეთის მიერ მარიუპოლისთვის მიყენებული ზიანი გამანადგურებელია
ჯონ კირბი - რუსეთის მიერ მარიუპოლისთვის მიყენებული ზიანი გამანადგურებელია

რუსეთის მიერ მარიუპოლისთვის მიყენებული ზიანი გამანადგურებელია, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ეს ადგილი, სტრუქტურული თვალსაზრისით, რუსული ავიადარტყმების შედეგად უბრალოდ განადგურებულია. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, რეკრეაციულ პარკებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ამასთან, პენტაგონის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების 20-მა პროცენტმა პოზიციები შეიცვალა, ზოგიერთი მათგანი ბელარუსისკენ მიემართება.

„ჩვენი შეფასებით, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, ისინი აპირებენ ამ ძალების გადაიარაღებას, მარაგების შევსებას და უკრაინაში, სადმე გამოყენებას“, – აღნიშნავს კირბი. მისი თქმით, რუსეთი სერიოზულად რომ ყოფილიყო განწყობილი დეესკალაციის მიმართ, ისინი ძალებს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გაგზავნიდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ საარტილერიო ცეცხლითა თუ საჰაერო დარტყმებით ბომბავენ კიევს.

კირბის თქმით, რუსული ძალები დონბასის რეგიონში გააქტიურდნენ. მისი განცხადებით, „ვაგნერის ჯგუფის“ 1 000-მდე წევრი ამჟამად დონბასში იმყოფება.