ჯონ კირბი - რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სხვა გზებიც არსებობს, გარდა სამხედრო ოპერაციისა
ჯონ კირბი - რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სხვა გზებიც არსებობს, გარდა სამხედრო ოპერაციისა

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სხვა გზებიც არსებობს, გარდა სამხედრო ოპერაციისა.

როგორც ისრაელის მედია იუწყება, ამის შესახებ კირბიმ channel 12 news-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საჭიროა „ჰამასის“ უკან დახევა. „ჰამასი“ კვლავ რჩება შესამჩნევ საფრთხედ. ვიცით, რომ რაფაჰში „ჰამასის“ მებრძოლები არიან, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, სწორედ ესაა ის მიზეზი, რის გამოც აშშ-ს სურდა ისრაელელი დელეგაციის მიღება იმისთვის, რომ სხვა გზებზეც ესაუბრათ.

როგორც კირბი აცხადებს, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს განუცხადა, რომ აშშ ვერ დაუჭერს მხარს სახმელეთო ოპერაციას რაფაჰში, რომელიც იქ მყოფი ხალხის დაცვის და უსაფრთხოების გეგმას არ მოიცავს.