ჯონ კირბი - ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან განაცხადა და დასძინა, რომ აშშ აბსოლუტურად გმობს მომხდარს.
ჯონ კირბის განცხადებით, თავდასხმა „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად „ჰეზბოლა“ ამას უარყოფს.
„ეს მათი რაკეტაა. ის გაშვებულია იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ისინი აკონტროლებენ“, – განაცხადა კირბიმ პრესკონფერენციაზე.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის თქმით, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ დიმპლომატიური გადაწყვეტისთვის ჯერ ისევ არსებობს დრო და სივრცე. ამასთან, დასძინა, რომ ის უწყვეტ დისკუსიებს აწარმოებს ისრაელელ და ლიბანელ კოლეგებთან.
„ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა. ვერცერთი ერი ვერ მოითმენს ისეთ სერიოზულ საფრთხეებს, რომლებსაც ისრაელელები აწყდებიან“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა.
გოლანის მაღლობის ჩრდილოეთ ნაწილზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.