ჯონ კირბი - აშშ-ს მიაჩნია, რომ ისრაელი ცდილობს, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს
ჯონ კირბი - აშშ-ს მიაჩნია, რომ ისრაელი ცდილობს, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ისრაელი ცდილობს, ღაზის სექტორში მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„სიენენის“ ცნობით, კითხვაზე, აქვს თუ არა თეთრ სახლს იგივე პოზიცია მას შემდეგ, რაც ისრაელმა ორ დღეში ორჯერ დაარტყა ბანაკს, კირბიმ უპასუხა: „ჩვენ ვხედავთ, რომ თავიანთი ოპერაციების ფარგლებში ისინი ცდილობენ, შეამცირონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ეს არ ნიშნავს და მე არ მითქვამს, რომ მათი ქმედებები მსხვერპლს არ იწვევს. თითოეული მათგანი არ უნდა ხდებოდეს და ჩვენ ამის შესახებ ძალიან მკაფიო ვიყავით”, – აღნიშნა კირბიმ.

ჯაბალიაზე საჰაერო თავდასხმებთან დაკავშირებით კირბიმ დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ უნდა მომდინარეობდეს ისრაელის თავდაცვის ძალებისგან და არა შეერთებული შტატებისგან.

„მათ უნდა უპასუხონ თქვენს შეკითხვებს ბრძოლის ველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ ოპერაციებს”,- აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები ისრაელელ კოლეგებთან საუბრისას ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მნიშვნელობას.