ჯონ კირბი - აშშ მზადაა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხრიდან შესაძლო სერიოზული თავდასხმებისთვის
აშშ მზადაა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხრიდან შესაძლო სერიოზული თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ ვიზიარებთ იმავე შეშფოთებასა და მოლოდინებს, რაც ჩვენს ისრაელელ კოლეგებს აქვთ პოტენციურ ვადებთან დაკავშირებით. ეს, შესაძლოა, იყოს ამ კვირაში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს, შესაძლოა, სერიოზული თავდასხმები იყოს“, – განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა ისრაელმა თავი დაიცვას.
„ჩვენ, ცხადია, არ გვინდა, რომ ისრაელს მოუწიოს თავდაცვა მორიგი თავდასხმისგან, როგორც ეს გააკეთეს აპრილში. მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას თავის დაცვაში“, – აღნიშნა კირბიმ.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.