ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-მა მიიღო ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს
ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-მა მიიღო ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს

აშშ-მა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან საუბრისას კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ინტერესებში არ არის, რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანებული სადაზვერვო უპილოტო აპარატი სხვამ ჩაიგდოს ხელში.

მანამდე რუსულ ტელეგრამარხებზე გამოჩნდა ჩანაწერი, სადაც საუბარია ამერიკული დრონის ნაწილების ზღვიდან ამოტანაზე.

აშშ-ის ხელისუფლება უახლოეს ხანში აპირებს, გაასაჯაროოს ინციდენტის ამსახველი ვიდეო, სადაც რუსული ავიაგამანადგურებლის და ამერიკული სადაზვერვო დრონის შეჯახებაა ასახული. ვაშინგტონი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

მოსკოვში ინციდენტთან კავშირს საერთოდ უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპოდერებით მიფრინავდა ყირიმის მიმართულებით.

შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს გუშინ შეეჯახა.