ჯონ ბოლტონი - პასტორის გათავისუფლების შემთხვევაში, აშშ-თურქეთის კრიზისი შესაძლოა, მყისიერად დასრულდეს
ჯონ ბოლტონი - პასტორის გათავისუფლების შემთხვევაში, აშშ-თურქეთის კრიზისი შესაძლოა, მყისიერად დასრულდეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის არსებული კრიზისი, პასტორის გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, მყისიერად დასრულდეს,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა Reuters-თან  ინტერვიუში ისაუბრა.

„თურქეთის ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომას ყოველდღიურად იმეორებს. სინამდვილეში კი, კრიზისი ძალიან მალე, მყისიერად შეიძლება დასრულდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოფიციალური ანკარა ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებას დათანხმდება“,- განაცხადა ჯონ ბოლტონმა ინტერვიუში.
დონალდ ტრამპის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ყატარის ფინანსური დახმარება ვერ გამოასწორებს. ცოტა ხნის წინ ყატარის ემირმა ეკონომიკური პროექტი დაამტკიცა, რომელიც თურქეთისთვის 15 მილიარდიან მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ინტერვიუში ჯონ ბოლტონმა ირანის საკითხიც განიხილა.ტრამპის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმაზე ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ ის სანქციები აამოქმედა, რომლებიც 2015 წელს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხსნილი იყო. რამდენიმე თვით ადრე კი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა.

რუსეთსა და სირიაზე საუბრისას ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სირიაში „გაიჭედა“ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში აღდგენითი სამუშაოების დაფინანსებისთვის სხვა ქვეყნებს ეძებს. ამასთან, ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ ირანის სამხედრო კონტინგენტმა სირია აუცილებლად უნდა დატოვოს.
23 აგვისტოს ჟენევაში ჯონ ბოლტონი რუს მაღალჩინოსნებს შეხვდება. დონალდ ტრამპის მრჩევლის განმარტებით, მათი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ სირიაში არსებული ვითარება იქნება.