ჯონ ბოლტონი - ნიკოლას მადუროს თითქმის ყველა პოლიტიკური და სამხედრო მაღალჩინოსანი ოპოზიციასთან თანამშრომლობს
ჯონ ბოლტონი - ნიკოლას მადუროს თითქმის ყველა პოლიტიკური და სამხედრო მაღალჩინოსანი ოპოზიციასთან თანამშრომლობს

ნიკოლას მადუროს თითქმის ყველა პოლიტიკური და სამხედრო მაღალჩინოსანი ოპოზიციასთან თანამშრომლობს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში ვენესუელელი მაღალჩინოსნები ან ხუან გუაიდოს მხარეს გადავლენ, ან ქვეყანას დატოვებენ.

„სამხედრო მაღალჩინოსნები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები ჟურნალისტებთან არ იტყვიან, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას თითქმის ყველა მათგანი უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ხუან გუაიდოსთან თანამშრომლობს. არ გამიკვირდება, თუ უახლოეს კვირებში ისინი გუაიდოს მხარდაჭერას ოფიციალურად გამოუცხადებენ, ან ქვეყანას დატოვებენ,“ – განაცხადა ჯონ ბოლტონმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურმა ფიგურებმა ღიად განაცხადეს, რომ ვენესუელის სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ პოლიტიკოსებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.