ჯონ ბოლტონი - ევროკავშირის მორიდებულობამ და აშშ-ის დიპლომატიამ გააუმჯობესა რუსეთის შანსები ომში
ჯონ ბოლტონი - ევროკავშირის მორიდებულობამ და აშშ-ის დიპლომატიამ გააუმჯობესა რუსეთის შანსები ომში

ევროკავშირის მორიდებულობამ და აშშ-ის დიპლომატიამ გააუმჯობესა რუსეთის შანსები ომში. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „ვაშინგტონ პოსტისთვის“ დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ და შეცდომებმა გაზარდა რუსეთის გამარჯვების შანსი უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ბოლტონი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის გამო, მხოლოდ უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ დგას საფრთხის ქვეშ.

„ცივი ომის დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, ვერასდროს იქნა მიღწეული. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ბევრ ამერიკელს და ევროპელს გადაწყვეტილი აქვს, ეს სამუშაო რუსეთის მაგივრად შეასრულოს“, – წერს ბოლტონი.

ბოლტონმა ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკავშირმა არ გადასცა უკრაინას გაყინული რუსული აქტივები.

„ეს იყო აშკარა და მარტივი დამარცხება იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ „ღორები“ უწოდა. ევროკავშირის გზავნილი სუსტი იყო: ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინას, მაგრამ არა ფართო მასშტაბით. გასაკვირი არ არის, რომ პუტინი მიიჩნევს, დრო მის მხარესაა“, – წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტატიაში.

ჯონ ბოლტონი ასევე აღნიშნავს, რომ უფრო ცუდად გამოიყურებოდა ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიური მცდელობა. ბოლტონის შეფასებით, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა მტკიცებულებების გარეშე, რომ პუტინი უკრაინაში მშვიდობას ცდილობს, სამაგიეროდ, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვთ.