ჯოკოვიჩმა უკრაინელი მეტოქე 57 წუთში გაანადგურა და მეორე წრეში ბასილაშვილს ელოდება

20:04, 14.05.2018

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის “მასტერსი” მოგებით დაიწყო. მისი პირველი მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი იყო, რომელსაც “დიდი სლემის” ტურნირების 12-გზის ჩემპიონი უპრობლემოდ გაუმკლავდა.

პირველ სეტში ჯოკოვიჩი თითქმის იდეალურად თამაშობდა. სერბმა მხოლოდ სამი ქულა დათმო საკუთარ მოწოდებებზე, მიღებაზე კი ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამჯერ აიღო მეტოქის გეიმი.

მეორე პარტიაში უფრო მეტი ბრძოლა იყო. მეტოქეებს თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, რომლის გამოყენება ჯოკოვიჩმა შეძლო, დოლგოპოლოვმა კი ეს ვერ მოახერხა. საბოლოოდ, სულ რაღაც 57 წუთში ნოვაკმა 6:1, 6:3 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.

ამ ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე სამშაბათს გამოვლინდება, როცა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი და იტალიელი ფილიპო ბალდი შეხვდებიან ერთმანეთს.

მსგავსი