ჯოკოვიჩმა ცინცინატის „მასტერსი“ მოგებით დაიწყო
ჯოკოვიჩმა ცინცინატის „მასტერსი“ მოგებით დაიწყო

ტორონტოს „მასტერსის“ შემდეგ, ამავე სერიის ტურნირი დაიწყო ცინცინატიში, რომელსაც ამერიკის ღია პირველობის ბოლო რეპეტიციად განიხილავენ.

ფავორიტებს შორის პირველმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ითამაშა, რომელმაც ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი სტივ ჯონსონი – 6:4, 7:6(4).

პირველ სეტში ჯოკოვიჩმა მეათე გეიმში შეასრულა გადამწყვეტი ბრეიკი, მანამდე კი ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

მეორე პარტიაში უფრო რთული ბრძოლა იყო. ჯერ ჯოკოვიჩი დაწინაურდა ბრეიკით, შემდეგ ჯონსონმა აიღო ორჯერ მეტოქის მოწოდება და ახლოს იყო სეტის მოგებასთან, მაგრამ ჯოკოვიჩმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ, მატჩის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. თუმცა, მე-13 გეიმამდე ჯოკოვიჩმა შვიდი მატჩბოლი მოიპოვა და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, სერბმა მეცხრე მატჩბოლზე მოიგო შეხვედრა და მეორე წრეში ფრანგ ადრიან მანარინოს შეხვდება.

სხვათა შორის, ცინცინატის „მასტერსი“ ერთადერთია კალენდარში, რომელიც ჯოკოვიჩს არასოდეს მოუგია – ის აქ ხუთჯერ იყო ფინალში და ხუთჯერვე დამარცხდა.