ჯოკოვიჩმა ბასილაშვილთან მეოთხედფინალში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო]
ჯოკოვიჩმა ბასილაშვილთან მეოთხედფინალში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო]

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ATP250-ის ტურნირზე გაგრძელდა მეოთხედფინალი მსოფლიოს 21-ე ჩოგანს, ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და რეიტინგის ლიდერს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის. პირველი სეტი ბასილაშვილმა 6:4 მოიგო.

პირველი პარტიის წაგებით გაწბილებულმა ჯოკოვიჩმა მეორე სეტი კარგად დაიწყო – „მშრალი“ ანგარიშით აიღო საკუთარი გეიმი და შემდეგ ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილი მალე გამოფხიზლდა და უკვე მესამე გეიმში შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ მატჩში რიგით მეოთხე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რითაც ნოვაკმა სამ გეიმამდე გაზარდა თავისი უპირატესობა – 3:0.

ამის შემდეგ, მეტოქეები კარგა ხანი ბრეიკის შანსს არ აძლევდნენ ერთმანეთს. ჯოკოვიჩი დიდად თავს აღარ იკლავდა ქართველის გეიმებზე და ძირითადად, საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, რაც გამოუვიდა, თუმცა, 5:3-ზე, როცა სეტზე აწვდიდა, ნოვაკმა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მაინც მისცა ბასილაშვილს, მაგრამ ქართველმა შანსი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ბასილაშვილმა მეორე სეტში უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ დამარცხდა. სერბმა 34 წუთში 6:3 მოიგო. სეტებში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერს მესამე სეტი გადაწყვეტს.