მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველივე მატჩის შემდეგ გამოეთიშა ინდიან უელსის “მასტერსს“. მეათე ნომრად განთესილმა ჯოკოვიჩმა 2 საათი და 32 წუთი ბრძოლის შემდეგ, 6:7(3), 6:4, 1:6 წააგო მსოფლიოს 109-ე ჩოგანთან, იაპონელ ტარო დანიელთან.
ჯოკოვიჩისთვის შეხვედრა კარგად იწყებოდა. მან ბრეიკით წაიყვანა ანგარიში (3:1) და სეტზე ჩაწოდებამდე მივიდა, მაგრამ ერთი სეტბოლი ვერ გამოიყენა და მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. ტაი-ბრეიკზე იაპონელს ინიციატივა ჰქონდა და 7:3 მოიგო.
მეორე სეტში ერთადერთი ბრეიკი ჯოკოვიჩმა შეასრულა და 6:4 მოიგო, მესამეს სტარტზე კი ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც მთლიანად ჩააგდო გადამწყვეტი პარტია – 1:1-ზე ზედიზედ ხუთი გეიმი დათმო.
ჯოკოვიჩისთვის ეს იყო პირველი მატჩი იანვრის შემდეგ. სერბმა თებერვალში იდაყვზე ოპერაცია გადაიტანა და ჩოგბურთს სწორედ ინდიან უელსის “მასტერსისთვის” დაუბრუნდა.