ჯო უილსონი აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც, მისივე ინფორმაციით, „მეგობარი აქტის“ ფარგლებში უნდა დასანქცირდნენ
ჯო უილსონი აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც, მისივე ინფორმაციით, „მეგობარი აქტის“ ფარგლებში უნდა დასანქცირდნენ

კონგრესმენმა ჯო უილსონმა გამოქვეყნა იმ პირთა სია, რომლებიც, მისივე ინფორმაციით, „მეგობარი აქტის“ ფარგლებში უნდა დასანქცირდნენ.

ჯო იულოსნის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სიაში შედიან: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, ანრი ოხანაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი.

ასევე, სიაში არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, შალვა თადუმაძე, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი კარლო კაციტაძე. სიაში მოხვდნენ: ირაკლი რუხაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, თინათინ ბერძენიშვილი და კახა ბექაური.

„მეგობარი აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნეს! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით“, – წერს უილსონი.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა.

„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტი სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ორივე პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.