ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა პეკინის არასამართლიანი ეკონომიკური პრაქტიკის, ჰონგ-კონგში რეპრესიების გამო, ასევე სინძიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.

სატელეფონო სუაბრისას მხარეებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასა და კლიმატურ ცვლილებებზეც ისაუბრეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სი ძინპინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაცია ორივე ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

ეს აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში სი ძინპინს დონალდ ტრამპი ესაუბრა. ბოლო თვეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული იყო. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო ადანაშაულებდა.