ჯო ბაიდენმა შეწყალების წინასწარი აქტი გამოსცა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებისთვის, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებისთვის, რომლებიც იძიებდნენ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას.
ჯო ბაიდენის განცხადების თანახმად, აღნიშნული საჯარო მოხელეები ემსახურებოდნენ ამერიკელებს პატივით, გამორჩეულად და არ იმსახურებენ, იყვნენ გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნე. ბაიდენის თქმით, შეწყალება „არ უნდა ჩაითვალოს, როგორც აღიარება“, რომ რომელიმე მათგანი „ჩართული იყო რაიმე დანაშაულში“.
ენტონი ფაუჩის, რომელიც მეთვალყურეობდა აშშ-ის პასუხს „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე, ხშირად აკრიტიკებდნენ ტრამპი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ ტრამპს „ძირამდე ფაშისტი“ და „სახიფათო“ უწოდა.
ბაიდენის შეწყალება მოიცავს 2021 წლის 6 იანვრის ბუნტის გამოძიების დროს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წევრებს, ასევე მათ თანამშრომლებს და ოფიცრებს, რომლებმაც ჩვენება მისცეს.