ჯო ბაიდენმა კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე მხარდამჭერებს მიმართა - ჩვენი დემოკრატია საფრთხეშია, ახლა არის თქვენი მომენტი, დაიცვათ ის
ჯო ბაიდენმა კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე მხარდამჭერებს მიმართა - ჩვენი დემოკრატია საფრთხეშია, ახლა არის თქვენი მომენტი, დაიცვათ ის

კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მერილენდში მხარდამჭერებს მიმართა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც განაცხადა, რომ დემოკრატია საფრთხის წინაშეა. მან ამომრჩევლებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა.

სიტყვით გამოსვლისას მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რესპუბლიკელთა გამარჯვებამ შესაძლოა, შეასუსტოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები.

„დღეს ჩვენ გარდამტეხი მომენტის წინაშე ვართ, ეს არის ის მომენტი, რომელიც სამ-ოთხ თაობაში ერთხელ დგება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დემოკრატია საფრთხის წინაშეა და ვიცით, რომ ახლა არის თქვენი მომენტი, დაიცვათ ის, შეინარჩუნოთ ის, აირჩიოთ ის“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 8 ნოემბრის არჩევნები განსაზღვრავს მომავალ ათწლეულებს.

„ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებამდე დარჩენილია ერთი დღე. თქვენ ეს არაერთხელ მოისმინეთ და მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ ამას ვიმეორებ, თუმცა ჩვენი სიცოცხლე განისაზღვრება იმით, თუ რა მოხდება მომავალი ერთიდან სამ წლამდე პერიოდში. ის განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება მომავალი ორი ათწლეული“, – განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნების შედეგად გადაწყდება, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.