ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებთან უკრაინის დახმარებისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხი განიხილა
ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებთან უკრაინის დახმარებისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხი განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს შეხვდა და მათთან უკრაინის დახმარებისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხი განიხილა. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები რუსეთის სასტიკი ინტერვენციისგან თავის დასაცავად, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობები.

პრეზიდენტმა განიხილა ის სტრატეგიული შედეგები, რაც აშშ-ისა და მსოფლიოს უმოქმედობას შეიძლება მოჰყვეს. ბაიდენის განცხადებით, კონგრესის უმოქმედობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ მსოფლიოს. პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების სწრაფად გამოყოფისკენ.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მოქმედება ახლაა საჭირო. ის მიესალმა სენატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს. ბაიდენმა გამოხატა მზადყოფნა საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე ორპარტიული შეთანხმების მისაღწევად და აღნიშნა საზღვრის დაცვისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფის აუცილებლობა.

შეგახსენებთ, კონგრესში რესპუბლიკელები უარს აცხადებენ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, ვიდრე არ იქნება მიღებული საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ზომები.