ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმზე შტურმს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე და თავისუფლების ციტადელზე თავდასხმა უწოდა
ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმზე შტურმს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე და თავისუფლების ციტადელზე თავდასხმა უწოდა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმზე შტურმს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე და თავისუფლების ციტადელზე თავდასხმა უწოდა. გასული დღის მოვლენების შესახებ ბაიდენმა დელავერში იუსტიციის მდივნის კანდიდატურის წარდგენისას ისაუბრა.

„ეს არ იყო განსხვავებული აზრი, ეს არის იყო უწესრიგობა. ეს იყო ქაოსი”, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, კაპიტოლიუმში შეჭრილი ადამიანები არ იყვნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, არამედ ისინი იყვნენ „ბანდის აჯანყებული წევრები“ და „საშინაო ტერორისტები“.

„რომ შემეძლოს, მე ვისურვებდი იმის თქმას, რომ ამის წინასწარ გათვალა შეუძლებელი იყო. თუმცა ეს არ არის სიმართლე. ჩვენ შეგვეძლო ამის წინასწარ დანახვა”, – აღნიშნა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც თავად გამოხატავდა უპატივცემულობას ქვეყნის დემოკრატიის, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობისადმი.

„ის თავიდანვე ესხმოდა თავს ჩვენი დემოკრატიის ინსტიტუტებს”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, 6 იანვარს კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე პოლიციის რეაგირება განსხვავებული იქნებოდა, დემონსტრანტები შავკანიანები რომ ყოფილიყვნენ.

ბაიდენის თქმით, მისმა შვილიშვილმა გაუგზავნა ფოტო, რომელიც გასულ ზაფხულს ვაშინგტონში ანტირასისტული მოძრაობის აქციაზეა გადაღებული და რომელზეც ჩანს, რომ ლინკოლნის მემორიალთან სპეცრაზმის ძალებია განთავსებული.

„ვერავინ მეტყვის, გუშინ დემონსტრაცია მოძრაობას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ რომ გაემართა, მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა არ იქნებოდა, იმ ბანდიტებთან შედარებით, რომლებიც გუშინ კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობდნენ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა და ის მიუღებელია”, – განაცხადა ბაიდენმა.