ჯო ბაიდენმა ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის ქალიშვილს მიმართა
ჯო ბაიდენმა ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის ქალიშვილს მიმართა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის ქალიშვილს მიმართა. ბაიდენის ხუთწუთიანი ვიდეომიმართვა ჰიუსტონში ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიაზე წარადგინეს.

თავად პოლიტიკოსი დაკრძალვის ცერემონიას არ ესწრება, რადგან როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, მას არ სურს, სამგლოვიარო ღონისძიება „პოლიტიკურ სპექტაკლად“ აქციოს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი წინა დღით ჰიუსტონში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„პატარა ჯიანა, როგორც გუშინ გითხარი, როდესაც გნახე, შენ ძალიან მამაცი ხარ. მამა გიყურებს ზემოდან და ძალიან ამაყობს შენით. ვიცი, შენ გენატრება მისი ჩახუტება, რომელიც მხოლოდ მას შეეძლო მოეცა შენთვის, გენატრება ის წმინდა სიხარული, როდესაც ის მხრებზე შეგისვამდა ისე, რომ ცას სწვდებოდი. ასევე ვიცი, რომ შენ ბევრი ისეთი კითხვა გაქვს, რომელიც ბავშვმა არ უნდა დასვას, კითხვა, რომლის დასმაც ძალიან ბევრ ფერადკანიან ბავშვს უწევს თაობების განმავლობაში. რატომ? რატომ წავიდა მამა? შენს თვალებში ყურებით, ჩვენ ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს შეკითხვა, რატომ არის პასუხი ხშირად ასეთი სასტიკი და მტკივნეული“, – მიმართა ჯო ბაიდენმა ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის გოგონას.

როგორც ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როდესაც ფლოიდისთვის სამართალი აღსრულდება, აშშ რასობრივი სამართლიანობის გზაზე დადგება.