ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა. ლათინოამერიკული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეებთან „ზუმის“ ფორმატით შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შეხვედრას მედისონ სქვერ გარდენში, სადაც კომიკოსმა ტონი ჰინჩკლიფმა პუერტო რიკოს „ნაგვის მცურავი კუნძული“ უწოდა.
ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე განაცხადა: „ერთადერთი ნაგავი, რომელსაც მე ვხედავ, რომ იქ ცურავს, მისი მხარდამჭერები არიან“. განცხადების კომენტირებისას ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არ გულისხმობდა ტრამპის ამომრჩევლებს კოლექტიურად.
მოგვიანებით თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენი გულისხმობდა სიძულვილის შემცველ რიტორიკას, რომელიც გამოიყენეს პუერტორიკოელების წინააღმდეგ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე.
ტრამპის გუნდი ამბობს, რომ ხუმრობა „არ ასახავს პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებებს ან კამპანიას“.
თავად კომიკოსი ჰინჩკლიფი იცავს თავის განცხადებას და ამბობს, რომ მის კრიტიკოსებს „იუმორის გრძნობა არ აქვთ“. ტრამპის თქმით, ის მიიჩნევს, რომ კომიკოსის განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს და ამისთვის ბოდიშს არ მოიხდის.
ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისიც გააკრიტიკა.
„მან მთელი კვირა გაატარა თავისი პოლიტიკური ოპონენტების შედარებაში ისტორიაში ყველაზე ბოროტ მასობრივ მკვლელებთან. ახლა ჯო ბაიდენი ჩვენს მხარდამჭერებს „ნაგავს“ უწოდებს. თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ ამერიკას, თუ არ გიყვართ ამერიკელი ხალხი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.