ჯო ბაიდენმა დაანონსა საპრეზიდენტო ინიციატივა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად
ჯო ბაიდენმა დაანონსა საპრეზიდენტო ინიციატივა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად

აშშ-ში ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებული დემოკრატიის სამიტი გაიხსნა, რომელიც ორი დღის განმავლობაში, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება. სამიტში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 110 ქვეყნის ლიდერია მიწვეული, მათ შორის საქართველოდან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სამიტი წარმოადგენს ფორუმს მთელი მსოფლიოს ლიდერებისთის, 21-ე საუკუნეში დემოკრატიების წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად.

სამიტის გახსნით სიტყვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა დაანონსა საპრეზიდენტო ინიციატივა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის განახლებას და ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო ინიციატივა წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ძალისხმევას, რომელიც სამთავრობო და არასამთავრობო პარტნიორებთან ერთად მიმართულია დემოკრატიის მდგრადობის დასაცავად, მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. აღნიშნული საპრეზიდენტო ინციატივის ფარგლებში, მომავალ წელს დაგეგმილია 424, 4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.

როგორც აღინიშნა, ეს თანხა მოხმარდება გლობალური მასშტაბით თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, კორუფციასთან ბრძოლას, დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, დემოკრატიისთვის ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და პოლიტიკური პროცესების დაცვას.

საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით იმართება, სიტყვით მიმართავს.