ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა ფრანგმა კოლეგა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აფრიკის საჰელის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, ბაიდენი და მაკრონი ნატო-სთან შეთავსებით ძლიერი და ქმედითუნარიანი ევროპული თავდაცვის შექმნის ძალისხმევის საკითხებს შეეხნენ.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ის მოუთმენლად ელოდება ფრანგ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც რომში დაგეგმილ G20-ის სამიტზე გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის საფრანგეთში ვიზიტი დააანონსა, რომელიც ნოემბერში შედგება. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ძირითადი მიზანი აშშ-საფრანგეთის ურთიერთობების ნორმალიზება იქნება. ქვეყნებს შორის ურთიერთობა გასულ თვეში დაიძაბა, როდესაც ავსტრალიამ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ხელმოწერილი პაქტის სანაცვლოდ, საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ კონტრაქტი გააუქმა.