პარიზში აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

10:38, 02.11.2026

პარიზში აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

შაბათს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს პოლიციის ოფიცერი, რომლის მიმართულებითაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს და მას ცეცხლი ეკიდება.

პოლიციელს დამწვრობა და ხელზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა პარიზში გამართული დემონსტრაციის დროს ჟანდარმზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შაბათს გამართულ საპროტესტო აქციაზე 770-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია პირი, რომელმაც სამართალდამცველს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

ფრანგულ მედიასთან საუბრისას დაშავებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ მისი დანაყოფი მოულოდნელად რამდენიმე ასეული აგრესიულად განწყობილი და კარგად აღჭურვილი ადამიანის პირისპირ აღმოჩნდა. მისი თქმით, პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, რა სითხე გამოიყენეს თავდასხმისას, თუმცა ცეცხლგამჩენ მოწყობილობას ჩვეულებრივ „მოლოტოვის კოქტეილზე“ გაცილებით ძლიერი წვის უნარი ჰქონდა.

მისივე ინფორმაციით, დანაყოფის კიდევ 14 წევრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, მათ შორის რამდენიმე პოლიციელს ქვაფენილის ქვები მოხვდა. პოლიციელის თქმით, მისი დანაყოფის წევრებს შვებულებაში ყოფნა უწევდათ, თუმცა საპროტესტო აქციების გამო სამსახურში სასწრაფოდ გამოიძახეს.

მსგავსი