ჯო ბაიდენმა ღაზის სექტორთან მიმართებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას შეცდომა უწოდა
ჯო ბაიდენმა ღაზის სექტორთან მიმართებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას შეცდომა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას ღაზის სექტორთან მიმართებით შეცდომა უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ისრაელის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ საავტომობილო კოლონაზე მიტანილი იერიში, რასაც ამ ორგანიზაციის შვიდი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ესპანურენოვან „უნივიზიონთან“ ინტერვიუში ბაიდენმა ისრაელს დროებითი ზავისა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, რაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „შემდეგი 6-8 კვირა უნდა გაგრძელდეს“.

„მე ვფიქრობ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეცდომას უშვებს. მე მის მიდგომას არ ვეთანხმები. მე გამოვდივარ მოწოდებით, რომ ცეცხლი შეწყდეს და შემდეგი 6-8 კვირის განმავლობაში ღაზის სექტორში საკვებისა და მედიკამენტების სრული წვდომა იყოს უზრუნველყოფილი. მე ვესაუბრე ყველას – საუდელებს, იორდანელებს, ეგვიპტელებს. ისინი მზად არიან, რათა ღაზაში საკვები ჩაიტანონ. ვფიქრობ, არ არსებობს გამართლება, რომ ამ ადამიანებისთვის სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება არ მოხდეს. ეს დაუყოვნებლივ არის საჭირო“, – განაცხადა ბაიდენმა.