ჯო ბაიდენისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა, რომელიც გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის კბილის ტკივილის გამო გადაიდო, დღეს გაიმართება
ჯო ბაიდენისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა, რომელიც გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის კბილის ტკივილის გამო გადაიდო, დღეს გაიმართება

დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრა გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა ბაიდენი კბილის ტკივილის გამო იძულებული იყო, ორშაბათს დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები გადაედო.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენს ადგილობრივი ანესთეზია გაუკეთდა და მას არ მოუწია უფლებამოსილების ვიცე-პრეზიდენტისთვის, კამალა ჰარისისთვის გადაბარება, აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესაბამისად.

თეთრი სახლისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ინფორმაციით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.

ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაიმართება იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს გენერალური მდივნობის ახალი კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს. სტოლტენბერგი თანამდებობას სექტემბრის ბოლოს დატოვებს, ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის ცხრა წლის შემდეგ. ჯერ უცნობია, რომელ კანდიდატს უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტი. ნატო-ს გენერალური მდივნის არჩევა, ზოგადად, კონსენსუსის წესით ხდება.