ჯო ბაიდენის შვილზე გამოქვეყნებული სტატიის დაბლოკვის გამო, რესპუბლიკელები „ტვიტერს“ და „ფეისბუქს“ აკრიტიკებენ
ჯო ბაიდენის შვილზე გამოქვეყნებული სტატიის დაბლოკვის გამო, რესპუბლიკელები „ტვიტერს“ და „ფეისბუქს“ აკრიტიკებენ

რესპუბლიკელები „ტვიტერს“ და „ფეისბუქს“ მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენის შვილ, ჰანთერ ბაიდენზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის გავრცელებაც სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს.

პუბლიკაციაში მოცემული იყო ჰანთერ ბაიდენის ელექტრონული წერილები და პირადი ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ ჯო ბაიდენის შვილის კომპიუტერიდან მოიპარეს, როდესაც ის მაღაზიაში შესაკეთებლად იყო წაღებული.

ერთ-ერთ წერილში, რომელიც 2015 წელის აპრილითაა დათარიღებული, უკრაინული ენერგოკომპანია „ბურისმას“ მრჩეველი მადლობას უხდის ჰანთერს ვაშინგტონში მიპატიჟებისთვის, სადაც ის ჯო ბაიდენს უნდა შეხვდეს, რომელიც ამ დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ბაიდენის საარჩევნო შტაბში ამტკიცებენ, რომ მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა.

„ტვიტერში“ კი განმარტეს, რომ „ნიუ იორკ პოსტის“ პუბლიკაციის გავრცელების შეზღუდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ სტატიის ნაწილი უკანონო გზით მოპოვებულ მასალას შეიცავდა.

ამავე პუბლიკაციის გავრცელება შეზღუდა „ფეისბუქმაც“. როგორც სოციალური ქსელის მესვეურებმა განაცხადეს, ეს „სტანდარტული პროცედურაა“, რათა დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრებმა ფაქტების ავთენტურობის გადამოწმება შეძლონ.

„ტვიტერისა“ და „ფეისბუქის“ მსგავსი ნაბიჯი გააკრიტიკეს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მათ სოციალური ქსელები ცენზურასა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს. მათი ნაწილი „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორის სენატში დაბარებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი 2014 წლიდან მუშაობდა უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოში. მის საქმიანობას უკავშირდება სკანდალი, როლის გამოც დემოკრატებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი სცადეს.

იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყების ოფიციალური მიზეზი ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადმირი ზელენსკის სატელეფონო საუბარი იყო, რომელშიც ტრამპი რამდენჯერმე ახსენებს ჯო და ჰაინთერ ბაიდენს და უკრაინელ კოლეგას მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ამ მოწოდებით ტრამპმა უფლებამოსილებას გადააჭარბა.

საბოლოოდ ტრამპის იმპიჩმენტი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო არ შედგა.

დატოვე კომენტარი