ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ დემოკრატიის სამიტში სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას
ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ დემოკრატიის სამიტში სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას

ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან წარმატებით ჩატარდა.

„ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა და დადასტურება ამის თაობაზე. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც უკვე 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე.

„ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც, ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ამას გარდა, 1-2 დეკემბერს, ნატო-ს მინისტერიალზე მიიწვიეს საქართველო და ჩვენს ქვეყანას იქ წარმოადგენს დავით ზალკალიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.