ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება
ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება.

როგორც სიენენი იუწყება, ახალი წესი სავარაუდოდ 100 მილიონ ამერიკელზე გავრცელდება.

ამასთან, მათ არ ექნებათ ალტერნატივა, რაც რეგულარული კოვიდტესტის ჩატარებას გულისხმობდა.

„ჩვენ ვითმენდით, თუმცა ჩვენი მოთმინება ზღვარზეა“, – განცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინირებული ამერიკელები „იმედგაცრუებულები“ არიან იმ 80 მილიონი მოქალაქით, რომელიც ჯერ არ აცრილა.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე შვიდი თვის წინ იყო, როდესაც მე ამირჩიეს პრეზიდენტად, მაინც უნდა გითხრათ მეორე ფაქტი, ჩვენ რთულ მდგომაროებაში ვართ და ეს შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი, რათა დავუპირისპირდეთ ვირუსს, თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ამ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მან დაავალა შრომის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, რომ კომპანიებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ყველა მუშაკი აცრან ან კვირაში ერთხელ ჩაუტარონ კოვიდტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ათასობით დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.

მისივე განკარგულებით, სავალდებულო ვაქცინაცია გავრცელდება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე.

ბაიდენის თქმით, ის ასევე მოუწოდებს გუბერნატორებს, დაავალდებულონ ვაქცინაცია სკოლის პედაგოგებს და თანამშრომლებს.