ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ალასკას არქტიკულ ეროვნულ ნაკრძალში ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიებს შეაჩერებს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ალასკას არქტიკულ ეროვნულ ნაკრძალში ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიებს შეაჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ალასკას არქტიკულ ეროვნულ ნაკრძალში ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიებს შეაჩერებს. ამგვარად, გადაიხედება ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ველური ბუნების ნაკრძალებში ლიცენზიების გაყიდვასთან დაკავშირებით, წიაღისეული საწვავისა და მინერალების მოპოვების გაფართოებისთვის.

შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ალასკაზე მდებარე 78 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ველური ბუნების ეროვნულ არქტიკულ ნაკრძალში მრავალი იშვიათი ცხოველი ბინადრობს, მათ შორის პოლარული დათვები, ჩრდილოეთის ირმები და მგლები.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას მიესალმებიან არქტიკის მკვიდრი ტომების ლიდერები, თუმცა ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელები.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ალასკას ნაკრძალში ჭაბურღილების პირველი ლიცენზიები პრეზიდენტის ვადის ამოწურვისას, იანვარში გაიტანა გასაყიდად, თუმცა, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ამან ნავთობისა და გაზის მომპოვებლებში განსკუთრებული ინტერესი არ გამოიწვია. კომპანიები აცხადებდნენ, რომ ნავთობზე ფასის ვარდნის ფონზე, სახსრები განახლებადი ენერგიის წყაროებზე მიმართეს. რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა ბანკმა კი განაცხადა, რომ აღნიშნულ რაიონში კვლევით სამუშაოებს არ დააფინანსებენ.

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, საბოლოოდ აუქციონზე 11 ნაკვეთი გაიყიდა, რის შედეგადაც შემოსავალმა 15 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთავრობის მოლოდინებზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო.