ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, პუტინი ვარაუდობდა, რომ ნატო-ს გახლეჩას შეძლებდა, მაგრამ ეს არ მოხდა
აშშ-ის პრეზიდენ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შეჭრამ ნატო და ევროპა დააახლოვა. „სიენენის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში განაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფონზე, მისი უმთავრესი სტრატეგიული მიზანი ნატო-სა და ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებაა.
„დასაწყისიდანვე ჩემი მიზანი იყო, დავრწმუნებულიყავი, რომ ნატო და ევროკავშირი თანხმობაში არიან. რადგან ვფიქრობ, პუტინი ვარაუდობდა, რომ ნატო-ს გახლეჩას შეძლებდა, მაგრამ ეს არ მოხდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი გადაიხდის ძვირ ფასს, როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში. ბაიდენის თქმით, სანქციები რუსეთის დასასჯელად ერთადერთი გამოსავალია, გლობალური მასშტაბით ომის გამოწვევის რისკის ასარიდებლად.
„თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი: დაიწყოთ მესამე მსოფლიო ომი და ფიზიკურად დაიწყოთ ომი რუსეთთან ან მეორე – ქვეყანამ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, გადაიხადოს იმისთვის, რასაც აკეთებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას.