ჯო ბაიდენი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მკაფიო შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ პუტინის მიზანი უცვლელი რჩება, მისი შეჩერება აუცილებელია
ჯო ბაიდენი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მკაფიო შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ პუტინის მიზანი უცვლელი რჩება, მისი შეჩერება აუცილებელია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიზანი უცვლელია.

„მსოფლიოსთვის ეს მკაფიო შეხსენებაა, რომ ამ გამანადგურებელი, თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის მიისწრაფვის უკრაინის განადგურებისა და მისი ხალხის დაქვემდებარებისკენ. მისი შეჩერება აუცილებელია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დახმარება. მისი თქმით, ამერიკის მიერ მიწოდებულმა თავდაცვითმა სისტემებმა პარასკევს გაშვებული მრავალი რუსული დრონისა და რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

„ამერიკელ ხალხს შეუძლია, იამაყოს იმ ადამიანთა სიცოცხლეებით, რომელთაც გადარჩენაში დავეხმარეთ და მხარდაჭერით, რომელიც უკრაინას გავუწიეთ, რამდენადაც ის იცავს საკუთარ თავს, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობა, თუმცა, კონგრესი თუ  არ მიიღებს დაუყოვნებლივ ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ შევძლებთ იარაღისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი თავდაცვითი სისტემების უკრაინისთვის გაგზავნას, რომელიც მას მისი ხალხის დასაცავად სჭირდება“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის დასახმარებლად 60 მილიარდამდე დოლარის გამოყოფა მოითხოვა, თუმცა კონგრესი მის დამტკიცებას საიმიგრაციო ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების გამო აჭიანურებს.