აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებმა დაგმეს ჩინეთის ქცევა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და სამხედრო, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებმა დაგმეს ჩინეთის ქცევა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და სამხედრო, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები კემპ დევიდში სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მათ მტკიცედ დაგმეს ჩინეთის „საშიში და აგრესიული ქცევა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

როგორც „როიტერი“ წერს, ბაიდენის ადმინისტრაციამ სამიტი გამართა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან იუნ სუკ იოლთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან ერთად, რათა შეექმნა ერთიანობის განცდა ჩინეთის მზარდი ძალაუფლებისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხეების წინაშე.

შეთანხმების თანახმად, სამივე ქვეყანა ვალდებულია, კრიზისების დროს დაუყოვნებლივ გაიაროს კონსულტაცია ერთმანეთთან და რეაგირება მოახდინოს რეგიონულ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთო ინტერესებზე.

„რაც შეეხება სახიფათო და აგრესიულ ქცევას, რომელიც მხარს უჭერს უკანონო საზღვაო პრეტენზიებს, რომელსაც ახლახან შევესწარით ჩინეთის მხრიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეცვალოს სტატუს კვო ქვეყანაში, ინდო-წყნარი ოკეანის წყლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენის თქმით, შეხვედრა „ჩინეთს არ ეხებოდა“, მაგრამ „ჩინეთის თემას მაინც შეეხნენ“. ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყოველწლიურად ჩაატარონ სამმხრივი სამხედრო წვრთნები და 2023 წლის ბოლომდე ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ.