ჯო ბაიდენი - პუტინს და მე გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვმართოთ ურთიერთობები ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის, უნდა შეგვეძლოს თანამშრომლობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია
ჯო ბაიდენი - პუტინს და მე გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვმართოთ ურთიერთობები ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის, უნდა შეგვეძლოს თანამშრომლობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია

პუტინს და მე გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვმართოთ ურთიერთობები ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის, უნდა შეგვეძლოს თანამშრომლობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პუტინთან შეხვედრისას მან თქვა, რომ მისი დღის წესრიგი მიმართულია არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ.

„პრეზიდენტ პუტინს და მე გვაქვს უნიკალური საერთო პასუხისმგებლობა, ვმართოთ ურთიერთობები ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის. ეს ურთიერთობები უნდა იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი, ჩვენ უნდა შეგვეძლოს თანამშრომლობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია, ხოლო იქ, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მინდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გააცნობიეროს, თუ რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, ასევე, როგორ ვრეაგირებთ იმ ქმედებებზე, რომლებიც ამერიკულ ინტერესებს აზიანებს. მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის მიმართული რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ, ის ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ არის მიმართული.

„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკის აღორძინება, მსოფლიოში მოკავშირეებთან და მეგობრებთან ურთიერთობების აღდგენა და ამერიკელი ხალხის დაცვა – ეს ჩემი, როგორც პრეზიდენტის, პასუხისმგებლობაა. მე მას ასევე ვუთხარი, რომ აშშ-ის ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ შეინარჩუნებს ამერიკელი ხალხის ნდობას, თუ ის არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ეს ჩვენი ქვეყნის დეენემის ნაწილია. მე მას ვუთხარი, რომ ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.