ჯო ბაიდენი - პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი ან, ღმერთმა არ ქნას და, მკვლელობის ველი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს ოვალური კაბინეტიდან მიმართა. ბაიდენის თქმით, პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევის დროა.
„უთანხმოება გარდაუვალია და ამერიკული დემოკრატია ადამიანური ბუნების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი ან, ღმერთმა არ ქნას და, მკვლელობის ველი“, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თითოეულ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა, რომ რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს მისი რწმენა, არასოდეს არ უნდა მიმართოს ძალადობას.
„ჩვენ ვკამათობთ და ვერ ვთანხმდებით, ჩვენ ვადარებთ და ვასხვავებთ კანდიდატების ბუნებას, მიღწევებს, პრობლემებს, განრიგს, ამერიკის ხედვას, მაგრამ ამერიკაში ჩვენ განსხვავებებს საარჩევნო ყუთში ვაგვარებთ. ესაა ის, როგორც ვაკეთებთ ამას და არა – ტყვიებით“, – აღნიშნა ბაიდენმა მიმართვისას.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა სხვა თავდასხმებიც, რომლებიც საჯარო ფიგურებზე განხორციელდა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ არ უნდა დაუშვას პოლიტიკური ძალადობის ნორმალიზება.
„ამერიკაში მსგავსი ან ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი არ არის. არანაირი გამონაკლისი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ძალადობის ნორმალიზება“, – აღნიშნა ბაიდენმა.
წინა თავდასხმებს შორის ბაიდენმა დაასახელა კაპიტოლიუმზე თავდასხმა და ნენსი პელოსის ქმარზე ფიზიკური ძალადობა.