ჯო ბაიდენი მოუწოდებს კონგრესს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც საბრძოლო იარაღის აკრძალვას უზრუნველყოფს
ჯო ბაიდენი მოუწოდებს კონგრესს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც საბრძოლო იარაღის აკრძალვას უზრუნველყოფს

ნეშვილის სკოლაში სროლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს კონგრესს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც საბრძოლო იარაღის აკრძალვას უზრუნველყოფს.

ბაიდენის თქმით, იარაღის კონტროლის გამკაცრების საკითხზე უკვე სრულად გამოიყენა ყველა უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტს კანონით აქვს და ახლა მხოლოდ კონგრესისადმი თხოვნით მიმართვის საშუალებას ფლობს.

„მე უკვე სრულად გამოვიყენე ჩემი უფლებამოსილება იარაღთან დაკავშირებით. კონგრესმა უნდა იმოქმედოს. ამერიკელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საბრძოლო იარაღის ფლობის უფლება უცნაური, შეშლილი იდეაა. ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომ, ჩემი აზრით, კონგრესმა საბრძოლო იარაღი უნდა აკრძალოს. მინდა გაგახსენოთ, უკანასკნელად ეს შეზღუდვა როდესაც დავაწესეთ, ძალადობრივი თავდასხმების რაოდენობა შემცირდა. ახლა ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო, ალბათ 9 წლის წინ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში აპირებს, ჩავიდეს ნეშვილში და სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდეს. ბაიდენის თქმით, ის ტელეფონით უკვე ესაუბრა ნეშვილის მერს, პოლიციის უფროსსა და ტენესის შტატის სენატორებს.

28 მარტს ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი მოსწავლე და სკოლის სამი თანამშრომელი დაიღუპა.