ჯო ბაიდენი - მკაფიოდ ავუხსენი პუტინს, რომ წარსულშია დრო, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიას უპასუხოდ ტოვებდა
ამერიკა დაბრუნდა, დემოკრატია დაბრუნდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ხედვის წარდგენისას განაცხადა.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ბაიდენისეული ხედვა საერთაშორისო არენაზე ამერიკის ღირსეული ლიდერობის აღდგენას გულისხმობს.
ბაიდენმა ვრცლად ისაუბრა რუსეთზეც: „მკაფიოდ ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს, რომ წარსულშია დრო, როდესაც აშშ უპასუხოდ ტოვებდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს – ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, მისივე მოქალაქეების მოწამვლა. ჩვენ ყოყმანის გარეშე დავაკისრებთ რუსეთს საფასურს და დავიცავთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს ინტერესებსა და ჩვენს ხალხს. რუსეთთან გამკლავება უფრო ეფექტური იქნება, როდესაც თანამოაზრეებთან კოალიციასა და კოორდინაციაში ვიქნებით“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა კრემლი ალექსეი ნავალნისთვის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის შეფარდების გამო.
„ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა და რუსეთის ძალისხმევა, ჩაახშოს თავისუფლად გამოხატვა და მშვიდობიანი შეკრება, ღრმა შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში. ბატონ ნავალნის, ისევე როგორ რუსეთის ყველა მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება. ის გახდა სამიზნე კორუფციის გამომჟღავნებისთვის. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს უპირობოდ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.