ჯო ბაიდენი - მადრიდის სამიტზე გავაერთიანეთ ალიანსი, რათა აღვუდგეთ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპისთვის, ასევე სისტემატურ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის მსოფლიო წესრიგს
ჯო ბაიდენი - მადრიდის სამიტზე გავაერთიანეთ ალიანსი, რათა აღვუდგეთ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპისთვის, ასევე სისტემატურ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის მსოფლიო წესრიგს

მადრიდის სამიტი ეხებოდა ჩვენი ალიანსის გაძლიერებას, მსოფლიოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებთან, ასევე იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომელთა წინაშეც მომავალში აღმოვჩნდებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს მადრიდის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ნატო-ს ისტორიული სამიტი. წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ინგლისში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა გაიმართა, მე ვისაუბრე ნატო-ს ფუნქციონირებისა და გადააზრების, ნატო-სა და ჩვენი ერთად მუშაობის ახალი სტრატეგიის შემუშავების საჭიროებაზე. ამასთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ „დიდი შვიდეულის“ მიერ დამატებით პასუხისმგებლობის აღებაზე. ომის დაწყებამდე, მე ვუთხარი პუტინს, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, ნატო არა მხოლოდ კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, არამედ უფრო ერთიანი გახდებოდა. ჩვენ დავინახეთ, რომ მსოფლიოს დემოკრატიები წინ აღუდგნენ აგრესიას და იცავენ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. ეს არის სწორედ ის, რასაც დღეს ვხედავთ. ეს სამიტი ეხებოდა ჩვენი ალიანსის გაძლიერებას, მსოფლიოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას, ასევე იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომელთა წინაშეც მომავალში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ნატო-მ ​ახალი მისიის შესახებ განაცხადი ბოლოს 12 წლის წინ შეიმუშავა.

„მაშინ მან რუსეთი დაახასიათა, როგორც პარტნიორი და არც კი ახსენა ჩინეთი. მას შემდეგ მსოფლიო შეიცვალა და ნატო ასევე იცვლება. ამ სამიტზე ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ალიანსი, რათა წინ აღვუდგეთ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპისთვის, ასევე სისტემატურ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. და ჩვენ მივიწვიეთ ნატო-ში გასაწევრიანებლად ორი ახალი წევრი. ეს იყო ისტორიული ნაბიჯი. შვედეთი და ფინეთი – ორი ქვეყანა ხანგრძლივი ტრადიციული ნეიტრალურობით, რომლებმაც აირჩიეს ნატო-ში შესვლა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, მეტი რესურსი ჩაიდება სხვადასხვა მიმართულებით.

„ჩვენ ერთად ჩავდებთ მეტ რესურსს შესაძლებლობებში ყველა სივრცეში – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ სფეროში. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მეხუთე მუხლის ვალდებულება წმინდაა, რომ ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას და ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. თავის მხრივ, აშშ აკეთებს სწორედ იმას, რაც მე ვთქვი, რომ გავაკეთებდით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა – ვაძლიერებთ ჩვენ პოზიციებს ევროპაში, ჩვენ განვათავსებთ მეტ ხომალდს აქ, ესპანეთში, ჩვენ ვათავსებთ მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იტალიასა და გერმანიაში, მეტ „ეფ-35“-ს გაერთიანებულ სამეფოში და აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ნატო-ს სამეთაურო შტაბს პოლონეთში, დამატებით ბრიგადას რუმინეთში. ამასთან ერთად, მოხდება ძალების როტაციული განთავსება ბალტიის ქვეყნებში. მდგომარეობა შეიცვალა, რათა ჩვენ მოვახდინოთ ადაპტაცია იმ მსოფლიოსთან, რომელიც დღეს არის. ეს ყველაფერი ხდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ნატო-ს რეაგირებისა და უკრაინის თავდაცვის დახმარების ფონზე. აშშ აერთიანებს მსოფლიოს უკრაინის მხარდასაჭერად. მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს და პარტნიორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

დატოვე კომენტარი