ჯო ბაიდენი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩავიდა
ჯო ბაიდენი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩავიდა. ის სტიქიური უბედურების ზონაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

აშშ-ის ლიდერი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და მაშველებს შეხვდა.

ბაიდენმა ქალაქ ლაჰაინის მოქალაქეებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ყველა ამერიკელი მაუის მცხოვრებლებთან ერთად გლოვობს და აშშ-ის ადმინისტრაცია დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია.

„დღეს ჩვენი ქვეყანა თქვენთან ერთად გლოვობს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დაგეხმაროთ აღდგენაში და ამ პროცესში პატივისცემით მოვეკიდებით თქვენს ტრადიციებსა და კულტურას. ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაზე, რომელიც ახლაც გრძელდება. 450 მაშველი და ექსპერტი დღე და ღამე მუშაობს. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს დავავალე, დაუყოვნებლივ დაეხმაროს დაზარალებულებსა და გადარჩენილებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჰავაის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ 8 აგვისტოს დაწყებული მასშტაბური ხანძრის დროს დაკარგულ 850 ადამიანს.
სტიქიის შემდეგ მოქალაქეები ადგილობრივ მთავრობას აკრიტიკებენ, რადგან მათ ხანძრის დროს გამაფრთხილებელი სირენა არ ჩართეს. კუნძულის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თანამდებობა უკვე დატოვა. რესპუბლიკელები კი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ხანძრის შედეგად ჰავაის დაზარალებული მცხოვრებლების მიმართ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა და სტიქიის ზონაში ხანძრიდან 13 დღის შემდეგ ჩავიდა.