ჯო ბაიდენი - ხალხის მიერ არჩეული და ხალხზე ორიენტირებული მთავრობა არის საუკეთესო გზა ხალხისთვის
ჯო ბაიდენი - ხალხის მიერ არჩეული და ხალხზე ორიენტირებული მთავრობა არის საუკეთესო გზა ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით ისაუბრა და ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ძალიან ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ პანდემიის გამო და ეს დაავადება მსოფლიოს გარშემო ადამიანების დაღუპვის მიზეზი კვლავ ხდება. პანდემია ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. ჩვენ დღეს 4,5 მილიონ ადამიანს ვგლოვობთ. ისინი სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან. ყველა სიცოცხლის დაკარგვა ინდივიდუალურ გულისტკივილს იწვევს, მაგრამ ჩვენი საერთო გლოვა არის იმის გახსენება, რომ ჩვენი კოლექტიური მომავალი გვიბიძგებს ერთობლივი მოქმედებისკენ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, მსოფლიოსთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას და კაცობრიობამ უნდა შეძლოს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში გაერთიანება, რათა შემდეგ პანდემიას მომზადებული შეხვდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კლიმატურ კრიზისზე, რომელიც ბაიდენის თქმით, მსოფლიოში უფრო მეტ სტიქიურ უბედურებას იწვევს. ბაიდენმა ასევე ისაუბრა ადამიანების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის მიზანია, მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი.

„წარსული ომების გაგრძელების ნაცვლად, ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ და რესურსებს მივმართავთ გამოწვევებისა და კოლექტიური მომავლისკენ – ამ პანდემიის დროს კლიმატის კრიზისის გადაჭრა, გლობალური ძალაუფლების დინამიკის და ცვლილებების მართვა, მსოფლიოს შეხედულების ჩამოყალიბება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, კიბერუსაფრთხოება და უახლესი ტექნოლოგიები, ასევე წინ აღვუდგებით ტერორიზმის საფრთხეებს.

ჩვენ დავასრულეთ 20-წლიანი კონფლიქტი ავღანეთში. ჩვენ დავხურეთ ამ ომების პერიოდი და ვიწყებთ დიპლომატიის ეპოქას. გამოვიყენებთ ძალაუფლებას და განვითარებისთვის გამოყოფილ დახმარებას, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანების წინსვლას მთელ მსოფლიოში. განვაახლებთ და დავიცავთ დემოკრატიას. ამას გავაკეთებთ იმ კომპლექსური გამოწვევების მიუხედავად, რომელიც შეიძლება, წინ შეგვხვდეს. ხალხის მიერ არჩეული და ხალხზე ორიენტირებული მთავრობა არის საუკეთესო გზა ხალხისთვის. აშშ განსაზღვრავს პრიორიტეტბს და ახდენს ფოკუსირებას მსოფლიოს რეგიონებზე, ისეთებზე, როგორიც არის ინდო-წყნარი ოკეანეთი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს და ხვალინდელ დღესაც, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ვითანამშრომლებთ მულტილატერალური ინსტიტუტების გამოყენებით, როგორიც გაეროა. გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ ძალას, სისწრაფეს და გლობალური გამოწვევების გადაჭრაში პროგრესს. დღეს ნათელია, რომ თითოეული ქვეყნის წარმატება დაკავშირებულია სხვების წარმატებასთან“, – განაცხადა ბაიდენმა.

დატოვე კომენტარი