ჯო ბაიდენი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატარის ემირს ესაუბრა
ჯო ბაიდენი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატარის ემირს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატარის ემირს, თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის ესაუბრა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ემირს შუამავლობისა და გაწეული ძალისხმევისთვის.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის აშშ-სა და კატარს „ჰამასზე“ არასაკმარისი ზეწოლისთვის აკრიტიკებდა. საუბარია ისრაელის მე-12 არხის ეთერში გასულ ხმოვან ჩანაწერზე, რომელიც, სავარაუდოდ, მაშინაა ჩაწერილი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრებს ხვდებოდა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ კატარი საკმარისს არ აკეთებს, რათა მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასზე“ ზეწოლა განახორციელოს.

7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში 136 მძევალი რჩება.

გავრცელებული ცნობით, კატარის პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა.