ჯო ბაიდენი - ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღებას არ შევეგუები
ჯო ბაიდენი - ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღებას არ შევეგუები

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს, ვიდრე ამ საკითხს თავად აკვირდება. ამის შესახებ ბაიდენმა ისრაელელ კოლეგა რეუვენ რივლინთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

ამავდროულად, ბაიდენმა პასუხი გასცა კრიტიკოსებს კონგრესში, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს მისი უფლებამოსილება სირიასა და ერაყში განთავსებული პროირანულ ობიექტების დაბომბვის ბრძანების გაცემაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სირიასა და ერაყში არსებული პროირანული ძალები ამერიკელ სამხედროებს საფრთხის ქვეშ აყენებდნენ.

თავის მხრივ, თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ ბაიდენისა და რივლინის შეხვედრა ხაზს უსვამს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების სიძლიერეს, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ორმხრივ ინტერესებს ემყარება.

ფსაკის თქმით, იმის მიუხედავად, რომ შეერთებულ შტატებში ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის მომავალი ვიზიტის შესახებ ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, ბაიდენი მასთან შეხვედრას ელოდება.

მანამდე, ისრაელის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან რომში გამართულ შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ“ მოლაპარაკებების გამო.