ჯო ბაიდენი იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ჯო ბაიდენი იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

ჯო ბაიდენი იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი იაპონიის ქალაქ ივაკუნში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაჯდა, საიდანაც ბაიდენი ქალაქ ჰიროსიმაში გაემგზავრება, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტია დაგეგმილი.

მანამდე აშშ-ის ლიდერი ორმხრივ შეხვედრას გამართავს იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან. შეხვედრაზე განიხილება ვაშინგტონისა და ტოკიოს თანამშრომლობა სამხედრო, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში. ასევე, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შეხვდა იტალიის მთავრობის მეთაურს, ჯორჯია მელონის.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკიც.

„როიტერის“ ცნობით, სამდღიანი შეხვედრის დროს მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება პეკინიდან და მოსკოვიდან მომავალი გამოწვევები. ასევე, განიხილება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკური მედეგობა, სურსათის უსაფრთხოება და სხვა თემები.

„როიტერის“ ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე გეგმავენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე მსჯელობას. სანქციები მიმართული იქნება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც რუსეთს შეზღუდვებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან.

მედიის ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზებთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც „როიტერს“ ევროპელმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს, ვაშინგტონს არ სურს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე საუბარი, ვიდრე უკრაინის კონტრშეტევა არ დასრულდება, ხოლო ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტად ორიენტირებულები არიან დიპლომატიური გამოსავლის მოძიებაზე.