ჯო ბაიდენი - ევროპაში გაგზავნილი ამერიკელი ჯარისკაცები არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
ჯო ბაიდენი - ევროპაში გაგზავნილი ამერიკელი ჯარისკაცები არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ

ევროპაში გაგზავნილი ამერიკელი ჯარისკაცები არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ახლა ხართ ფარი ამერიკელი ხალხისთვის, ევროპის კონტინენტისთვის და მთელ თავისუფალი სამყაროსთვის, – ამ სიტყვებით მიმართა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარ ჯარს.

ბაზაზე 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაა განლაგებული.

„მადლობა, რომ აქ თქვენი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს დასაცავად იმყოფებით. თქვენ ხართ ერთი პროცენტი ამერიკის მოსახლეობისა, თუმცა მთავარი იმედი მილიონობით ამერიკელისთვის. ჩვენი ქვეყანა ერთ უმთავრეს იდეას ეფუძნება. ეს იდეაა თანასწორობა და ერთიანობა. თქვენი თაობა იბრძვის და მსოფლიო გიყურებთ, რომ ესაა ამერიკის მულტიეთნიკური ჯარი. თქვენი ქვეყანა ამაყობს ყოველი თქვენგანით. ახლა მინდა უკრაინაზე ვისაუბრო. მე დიდი დრო გამიტარებია უკრაინაში ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში. უკრაინელი ხალხი ძალიან გაბედული და უშიშარია, რასაც ყველა ვხედავთ და გვაოცებს მართლაც მათი სიმამაცე. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში რუსულ ტანკებს ახლა არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ ქალებიც და მოხუცებიც მამაცად წინ უდგებიან და არ ატარებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა მსოფლიოში შექმნილი კრიზისი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის ბრძოლად შეაფასა. მისი თქმით, ავტოკრატიის მიზანია 21-ე საუკუნეში დემოკრატიას გასაქანი არ მისცეს.

„იფიქრეთ თქვენი შვილებისა და თქვენი შვილიშვილების თაობაზე. მათ ჩვენ არა ავტოკრატიული სამყარო, არამედ დემოკრატიული სამყარო უნდა დავახვედროთ, სადაც არა ოლიგარქები, არამედ თავისუფალი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას. ამერიკაში ცხოვრობს მეორე მსოფლიო ომის თაობა, ვიეტნამის ომის თაობა, მაგრამ თქვენ ხართ თაობა, რომელსაც ყველაზე ბევრ ქვეყანაში უბრძოლია დემოკრატიის დასაცავად. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში განთავსებულ ამერიკის ჯარს მადლობა გადაუხადა.