ჯო ბაიდენი 26 ივლისს ერაყის პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში უმასპინძლებს
ჯო ბაიდენი 26 ივლისს ერაყის პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში უმასპინძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 26 ივლისს თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმს შეხვდება.

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, მხარეთა შორის გასამართ შეხვედრაზე აშშ-სა და ერაყს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები იქნება განხილული.

თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი აგრეთვე ელოდება ოფიციალურ ბაღდადთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება.

ერაყსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გართულდა, რაც 2020 წლის დასაწყისში, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში ირანელ გენერალ ყასემ სოლეიმანისა და ერაყის არაფორმალური შეიარაღებული ძალების ლიდერ აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის ლიკვიდაცია განახორციელა.

ერაყი უკვე დიდი ხანია, წარმოადგენს შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული მწვავე დაპირისპირების სივრცეს.