ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთი ვირუსის წარმომავლობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას ბლოკავს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთი ვირუსის წარმომავლობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას ბლოკავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გლობალურ გამოძიებას არ უზიარებს.

როგორც ჯო ბაიდენმა კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ამერიკული დაზვერვის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, ვირუსის წარმომავლობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩინეთშია, რომელიც გამოძიების დაწყებიდან მასზე წვდომას ბლოკავს.

„მსოფლიო იმსახურებს პასუხებს და მე არ მოვისვენებ, ვიდრე მათ არ მივიღებთ. პასუხისმგებელი ქვეყნები თავს არ არიდებენ დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ასეთ ვალდებულებებს. პანდემია არ ცნობს საერთაშორისო საზღვრებს და ჩვენ ყველას უკეთესად უნდა გვესმოდეს, თუ როგორ გაჩნდა კოვიდ-19, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ პანდემიები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა დაადგინოს პანდემიის დაწყების ფესვები.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაზვერვამ კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები გამორიცხავენ ჩინეთის მიერ კორონავრიუსის ბიოლოგიურ იარაღად შემუშავების შესაძლებლობას, თუმცა აცხადებენ, რომ ვირუსის წარმოშობა სავარაუდოდ დაუდგენელი დარჩება ჩინეთის დახმარების გარეშე. ანგარიშის ავტორები დამაჯერებლად მიიჩნევენ ვირუსის წარმომავლობის ორ თეორიას, რომ ვირუსი ადამიანებში ცხოველებიდან ბუნებრივი პროცესის შედეგად გავრცელდა ან ის გავრცელდა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად.

დატოვე კომენტარი